“თბილისი ცენტრალის” დირექტორის ლევან ყარალაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობა 40%-ით შეამცირა.
მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებული იყო. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ცენტრში მომხმარებელთა მხოლოდ 25% მივიდა.
"რაც შეეხება ობიექტებში ბრუნვას და გაყიდვების მაჩვენებელს, აქაც განახევრებული რიცხვი გვაქვს, მაგრამ საერთო ჯამში დარგისთვის ეს (წინასაახალწლო პერიოდი) კრიტიკული პერიოდი იყო და ამ სექტორის მოთამაშეებმა აბსოლუტურ რიცხვებში მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღეს.
2021 წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო რთული იქნება, რადგან ის შოკები, რაც ქვეყანამ 2020 წელს მიიღო გაგრძელდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელწიფოს მხრიდან ქონების გადასახადის შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება"- აღნიშნა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ლევან ყარალაშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის იანვარი-თებერვალში პოზიტიურ ძვრას არ ელოდება.
“იმედს ვიტოვებთ, რომ მეორე კვარტლიდან ყველა იმ პროგნოზსს გადავხედავთ, რაც 2021 წელთან დაკავშირებით გვაქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ ოპერირების საშუალება გვქონდეს და სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს” - განმარტა ყარალაშვილმა.




























