მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისი ენერჯი": საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე გაზი 91 700 აბონენტს მიეწოდება, 16 000-სს - არა

გაზი
12.02.25 18:46
1777

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ამ დროისთვის საბურთალო-ნუცუბიძის მოსახლეობის 91 700 აბონენტს გაზი უკვე მიეწოდება და კომპანია სრული რესურსით მუშაობს, რომ დანარჩენ 16 000 აბონენტს გაზმომარაგება 23:00 საათამდე აღუდგეს.

"საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარჩენილი 16 000 -მდე აბონენტის ჩართვა. აქტიური სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 9 თებერვალს 23:00 საათზე სადისპეტჩერო პროგრამამ ქსელში წნევის ვარდნა დააფიქსირა. ავარია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს დაუდგენელი მიზეზით მაგისტრალური 500 მმ -იანი მილი დაზიანებული დახვდა.

მათი ცნობით, ავარია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვაკე-საბურთალოს ქსელი ზუსტად 7 წუთში მთლიანად დაიცალა. გაზის გარეშე 150 000 აბონენტი დარჩა.

გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების პარალელურად გათიშულ უბნებში, ყველა კორპუსთან დაიწყო სავალდებულო უსაფრთხოების სამუშაოები-გაზის ცენტრალური ონკანების გადაკეტვა. რაც აუცილებელია გაზის ქსელში შეშვებამდე, თითოეული ოჯახის უსაფრთხოებისთვის. პროცესი გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და 10 თებერვლის დღის პირველ ნახევარში დასრულდა. რის შემდეგაც დაიწყო ქსელში გაზის შეშვება.

კომპანიაში სრული მობილიზაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში 23:00 საათამდე მუშაობდნენ. ვაშლიჯვარი, აგარაკები, თხინვალა, დიღომი, ლისი, ბაგები - იმავე დღეს ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება აღუდგა.

გაზის მიწოდების აღდგენის სამუშაოები 11 თებერვალს დილის 8:00 საათიდან განახლდა, რადგან ღამის განმავლობაში აკრძალულია გაზის ჩართვა ქსელში აბონენტების უსაფრთხოების გამო. გეგმის მიუხედავად, გათიშული აბონენტების დიდი რაოდენობისთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა იმავე დღეს ვერ მოხერხდა. დღის ბოლოსთვის ვაკის რაიონი თითქმის სრულად ჩაირთო. საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე კი გათიშული აბონენტების 55%-ს აღუდგა გაზმომარაგება. სამუშაოები 23:00 საათამდე გაგრძელდა.

12 თებერვალს 8:00 საათზე განახლდა გაზმომარაგების აღდგენის პროცესი. დღის 12 საათისთვის სრულად ჩაირთო ვაკის რაიონი, რის შემდეგაც გამოთავისუფლებული ტექნიკური ჯგუფები დამატებით მთლიანად გადავიდნენ საბურთალოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები