მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯის" კომერციული აბონენტებისთვის სექტემბრიდან გაზის ტარიფი მცირდება

BM.GE
31.07.23 15:44
76

"თბილისი ენერჯი", რომელიც დედაქალაქის უმსხვილესი გაზის მიმწოდებელია, 1-ელი სექტემბრიდან კომერციული აბონენტებისთვის გაზის ტარიფს ამცირებს - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

"კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, "თბილისი ენერჯი" დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტ საყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურება, კომპანიას არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების რაოდენობა 20,000-მდეა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები