მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან რეგიონებში ბიზნესისთვის გაზი 13 თეთრით გაიაფდება, თბილისში - 11 თეთრით

გაზი
BM.GE
31.07.23 17:06
103

1 სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის ანუ კომპანიებისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით გაიაფდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს, დედაქალაქის შემთხვევაში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განცხადებები გაავრცელეს.

"თბილისი ენერჯიში“ განმარტავენ, რომ კომპანია ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აშშ დოლარში აწარმოებს და მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ არასაყოფაცხოვრებო ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

„გამომდინარე აქედან, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1 სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესახებ განცხადება 28 ივლისს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ და „საქორგაზმაც“ გაავრცელა.

„საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბუნებრივი გაზის საფასური 1 სექტემბრიდან “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც შეიცვლება. შესაბამისი განცხადება კომპანიამ დღეს გაავრცელა.

„2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს “თელავგაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 მ³ ბუნებრივი გაზის ფასი ნაცვლად 1,38 ლარისა განისაზღვრება 1,25 (ერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი“, - აცხადებენ კომპანიაში.

BM.GE შეეცადა სხვა კომპანიებშიც მოეკითხა - შეამცირებენ თუ არა გაზგამანაწილებელი კომპანიები კომერციული გაზის ტარიფს, თუმცა იმ კომპანიების ნაწილში, რომელთანაც დაკავშირება ცხელ ხაზზე შევძელით, აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც დავუკავშირდით, რომელსაც გაზგამანაწილებელი კომპანიები კომერციული სექტორისთვის ტარიფის ცვლილებას ცნობის სახით აწვდიან. სემეკში ამბობენ, რომ სხვა კომპანიებისგან მათ გაზის ტარიფის შემცირების შესახებ ცნობა არ მიუღიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები