მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ევროპის ყველაზე იაფი ქალაქების ხუთეულშია

628e5ae978d78
მადონა გასანოვა
26.05.22 00:00
1982
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება მოგზაურობასა და დასვენებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ინფლაციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ტურისტული ნაკადები იმ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, რომლებიც GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მოიძებნება, როგორც "ყველაზე იაფი". ამ მხრივ წელს თბილისი ნამდვილად ლიდერებში იქნება, რადგან საერთაშორისო კომპანია Bounce-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი, ევროპის 50 ქალაქს შორის, მეხუთე ადგილს იკავებს.

ყველაზე იაფი/ძვირი ქალაქების რეიტინგის გამოსათვლელად, მკვლევრებმა შემდეგი ინფორმაცია გამოიყენეს: სასტუმროს საშუალო ღირებულება (უქმე დღე); მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საშუალო ღირებულება (ერთი გზა); ტაქსის საშუალო ღირებულება (1კმ); ერთი კათხა ლუდის და კვების საშუალო ღირებულება.

10-დან 9.19 ქულით სიის ლიდერი თურქეთის სტამბოლია. საქართველოს მეზობელ ქვეყანაში დამსვენებლებს სასტუმროს ღირებულება, საშუალოდ, 117 აშშ დოლარი უჯდებათ; მუნიციპალური ტრანსპორტი - 0.43 აშშ დოლარი; ტაქსი (1კმ) 0.30 აშშ დოლარი; ლუდი - $2.38, ხოლო კვება - $4.09.

9.14-ი ქულით მეორე ადგილზე პოლონეთის ქალაქი ვროცლავია. ოდრის ნაპირებზე მდებარე ამ ქალაქში სასტუმროს ღირებულება 62 აშშ დოლარია; ტრანსპორტი - $0.98; ტაქსი - $0.71; ლუდი - $2.38; კვება - $7.14.

რეიტინგში მესამე პოლონეთის ძველი დედაქალაქი კრაკოვია, 8.98 ქულით. ევროპის ამ ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში სასტუმროს ღირებულება 97 აშშ დოლარია; ტრანსპორტი - $1.07; ტაქსი - $0.57; ლუდი - $2.38; კვება - $7.14.

პოლონეთის დედაქალაქი კი მეოთხე ადგილზეა 8.90 ქულით. ვარშავაში სასტუმროს ღირებულება $77-ია; ტრანსპორტი - $1.05; ტაქსი - $0.71; ლუდი - $2.86; კვება - $7.14.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქ თბილისს, მისი რეიტინგი 8.82-ია. ევროპის მეხუთე ყველაზე იაფ ქალაქში სასტუმროს ღირებულება 136 აშშ დოლარია; ტრანსპორტი - $0.32; ტაქსი - $0.32; ლუდი - $1.29; კვება - $8.08.

მათთვის, ვისზეც ინფლაციას არ უმოქმედია, ან უბრალოდ პრემიუმ კლასზე ვერ ამბობენ უარს, ხუთეულს დანიის დედაქალაქი - კოპენჰაგენი ხსნის, 10-დან 1.88 ქულით. მეორე ადგილზე ასევე მონარქიული ქვეყნის დედაქალაქია - ამსტერდამი, 1.59 ქულით. მესამეზე - ლონდონი, 1.27 ქულით. რაც შეეხება დასკვნით, მე-4 და მე-5 ადგილებს, რეიტინგი შვეიცარიის ორ ქალაქზე გადანაწილდა: ჟენევა - 0.98 ქულით და ციურიხი - 0.57 ქულით.

ყველაზე იაფ და ყველაზე ძვირიან ქალაქებს შორის სხვაობის დიაპაზონის მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჯამურად შევადაროთ გასაწევი ხარჯები: თუკი ყველაზე იაფ სტამბოლში საშუალო ჯამური ღირებულება 125 აშშ დოლარი იყო, ან თუნდაც თბილისში, $146, იგივე სერვისები ყველაზე ძვირიან ციურიხში სტუმარს 260 ამერიკული დოლარი დაუჯდება. უფრო დეტალურად კი: სასტუმროს ღირებულება 177 აშშ დოლარია; ტრანსპორტი - $8.65; ტაქსი - $8.65; ლუდი - $14.05; კვება - $54.04.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები