თბილისი რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის რედიზაინზე ტენდერი გამოცხადდება - ამის შესახებ BM.GE-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე 10 წლის წინ დაწყებული პროექტი შეცვლასაც არ გამორიცხავს.
რუსთავისა და თბილისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალით დაკავშირება პროექტის დაწყებიდან 10 წლის თავზეც ბუნდოვანია. ავტობანი, რომელსაც თბილისიდან რუსთავში ჩასვლის დრო უნდა შეემცირებინა მხოლოდ ნაწილობრივ 2016 წელს დასრულდა, რაშიც 184 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა მას შემდეგ გზის მეორე მონაკვეთი, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს დაკონსერვებულია. 2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პროცესის გაჭიანურების გამო დონორმა - აზიის განვითარების ბანკმა, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოყოფილი სასესხო ხაზის დახურვა მოითხოვა. პროექტის განხორციელების მეორე მცდელობა ამჯერად ბიუჯეტით დაფინანსდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე ვარაუდობს, რომ აღნიშნული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდება.
“გიდასტურებთ, რომ პროექტის გაგრძელება იგეგმება. მთავრობის დადგენილება მიღებულია. აქ საუბარია 3.3 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც რეალურად თბილისი რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანს აკლია. აქ ძირითადად სოციალური პრობლემები იყო, რის გამოც იყო შეჩერებული ეს პროექტი, თუმცა ახალი დადგენილებით და დავალებით ჩვენ ძალიან მალე უკვე ტენდერს რედიზაინზე გამოვაცხადებთ, რითაც დადგინდება იგივე მოცემულობა დაჯდება თუ შეიცვლება. ამის შემდეგ წლის მეორე ნახევარში სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას ვფიქრობთ.
მოსახლეობის პრობლემა სავარაუდოდ მოგვარდება და ამას ის პროექტი გვაჩვენებს, რასაც რედიზაინი მოგვცემს, რომელიც აუცილებლად მოსახლეობასთან იქნება გავლილი”, - ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე.