მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1.8 მილიარდ ლარს მიაღწევს

ირაკლი ხმალაძე

დედაქალაქის საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პროექტები თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.

ვიცე-მერის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია.

„2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. ეს უკანასკნელი 60 მილიონით მეტია წინა ტრანსფერზე. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ გარდამავალ, თავისუფალ ნაშთს, რომელსაც ვპროგნოზირებთ დაახლოებით 60 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2024 წელს გვაქვს დონორების დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტები, რომელიც დღგ-ს ჩათვლით გახლავთ 63 მლნ ლარი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს.

„მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დღგ დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით და გრანტები - 500 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი.

„მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან - 9 მლნ ლარი, პროცენტები - 3 მლნ ლარი, იჯარა - 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია - 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან - 18 მლნ ლარი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილი გვაქვს 70 მლნ ლარი; დასუფთავების შემოსავალი - 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.

ირაკლი ხმალაძემ ასევე დაასახელა ის დაგეგმილი და გარდამავალი პროექტები, რომელიც 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორისაა: აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გამოყოფილია 8 მლნ ლარამდე; შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - 15 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია - 3 მლნ ლარი; 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის პროექტისთვის - 113 მლნ ლარი; ავტობაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 24 მლნ ლარი; დასრულდება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 2,8 მლნ ლარი, ასევე, დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია, რომლისთვის დაახლოებით 2,7 მლნ ლარია გამოყოფილი; ვაგონების მოდერნიზაციისთვის - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის საბაგიროს დასრულებისთვის - 3 მლნ ლარი; ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მშენებლობისთვის - 15 მლნ ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარზე მეტი; ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის - 10 მლნ ლარი; ვაკის პარკის დასრულების სამუშაოებისთვის - 10 მლნ ლარი; გლდანის ტბის მოსაწესრიგებლად - 5 მლნ ლარი; სამგორის რაიონში, „სამხედრო ქალაქის“ პარკის მოსაწყობად 2024 წელს გათვალისწინებულია 6 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია, რომელიც ჯამში 26 მლნ ჯდება); დიდ დიღომში, მეორე და მეოთხე მიკრორაიონების შემაერთებელი ბულვარის მოსაწყობად გათვალისწინებულია 3,5 მლნ ლარი; კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე „სამასი არაგველის“ სკვერის მოსაწყობად - 2 მლნ ლარი; სოფელ დიღომსა და სვანეთის უბანში წყალარინების ქსელის მოწყობისთვის ჯამში 4 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული; ლეღვთახევში ქვათაცვენის საწინააღმდეგო მასშტაბური სამუშაოებისთვის - 5 მლნ ლარი; დიღმის მასივში, მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსის ასაშენებლად 5 მლნ ლარი; სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამუშაოებისთვის 2,3 მლნ ლარი (გარდამავალი პროექტია); სკეიტ პარკების მშენებლობისთვის 1 მლნ ლარი; #28 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 4 მლნ ლარი; N71 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია - 2,3 მლნ ლარი; N43 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი; N196 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; N37 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; N50 საბავშო ბაგა-ბაღის შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა - 2 მლნ ლარი; N211 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია - 700 000 ლარი.

ვიცე-მერმა ასევე ის რამდენიმე პროექტი დაასახელა, რომელიც წინა წლებში ხორციელდებოდა და კვლავ გაგრძელდება.

„გაგრძელდება მუნიციპალიტეტისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ავარიული სახლების ჩანაცვლება, უსახლკარო მოქალაქეებისთვის ბინების შეძენა, ასევე, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის ამისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ხარჯები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაგონების შემოსვლის და თანხების გადახდის ჩვენ მიერ დაგეგმილი გრაფიკი 2024-ში ხარჯების გაღებას. ამ ეტაპზეც გამოცხადებული გვაქვს ბაზრის კვლევა, ვნახოთ როგორ დასრულდება ის. თუ საჭირო იქნება, ახალ კვლევას გამოვაცხადებთ და გამოვავლენთ, თუ რა იქნება ოპტიმალური სცენარი. ჩვენი მიზანია 10-15 წლის პერიოდში შევძლოთ 211 ვაგონის შესყიდვა და ჩავანაცვლოთ ძველი ვაგონები, საბჭოთა პერიოდის ვაგონების ჩანაცვლება, რომლებსაც გასდის ექსპლუატაციის ვადა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები