შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტს კომპანია „ტავ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც საქართველოში ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება, მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაორმაგდება.
პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით ხორციელდება.
„დღეს ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც სრულად არის დაცული სახელმწიფოს ინტერესები, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას, რის შედეგადაც საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დაკავშირებადობის, ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საკვანძო როლი ეკისრება. თანამედროვე და ეფექტიანი ინფრასტრუქტურა ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2025 წელი საავიაციო და ტურიზმის სექტორისთვის რეკორდული იყო.
„წელს მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები გასულ წელს ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
მთლიანობაში 2025 წელი იყო რეკორდული ყველა თვალსაზრისით, როგორც მგზავრთნაკადის ზრდის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმის სექტორში, რაც ბუნებრივია, ავიაციაზეც სათანადოდ აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წელს კრიზისის ფონზე გვქონდა მცირე შენელება პროცესების, ივნისიც იყო რეკორდული ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ წლევანდელ წელსაც.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში არის ჩართული. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - მადლობა ჩვენს ფრანგ და თურქ პარტნიორებს, მადლობა TAV Airports-სა და უმსხვილეს ფრანგულ საავიაციო ჯგუფს - Groupe ADP-ს, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს და თითოეულ პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საქართველოს ავიაციის განვითარებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რომლის ძალისხმევისა და ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების პირობებში ხორციელდება. ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეკორდულ 5.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რამაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობის სრული ათვისება გამოიწვია.
საავტორო უფლებებით განსაზღვრული შეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, „ტავ ჯორჯიას“ კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო სახელმწიფომ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee).
გარდა ამისა, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. მმართველი კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამა ახალი მიმართულებების მოსაზიდად.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია:
- მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობის 10-მდე გაზრდა (გაორმაგება);
- საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომის მოწყობა;
- ტერმინალში 9 ახალი სარეგისტრაციო დახლისა და 2 ახალი საბარგო ლენტის დამატება;
- საპასპორტო კონტროლის ზონის გაფართოება და 24 ახალი პუნქტის მოწყობა;
- არსებული სამგზავრო სივრცეების განახლება, ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეების შექმნა, სადაც აქცენტი ქართული პროდუქციისა და სამზარეულოს პოპულარიზაციაზე გაკეთდება;
- ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის ტევადობის გაზრდა.
„ტავ ჯორჯია“ საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.




























