"[თბილისის აეროპორტის] ტერმინალის ფართობი გაიზრდება 50%-ით", - ამის შესახებ TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა განაცხადა.
საქმე ისაა, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ „ტავ ჯორჯიას“-ს სახელმწიფომ კონტრაქტი, რომელიც 2027 წელს იწურებოდა, 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტის მართვას კიდევ ხუთი წელი შეძლებს. ფრანგული ADP Group-ი კ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ თანხით კომპანიამ აეროპორტი უნდა გააფართოოს, რაც უმთავრესად მგზავრთნაკადის თითქმის გაორმაგებას გულისხმობს.
გაფართოების პროექტზე დეტალურად ისაუბრა „ტავ აეროპორტის“ პრეზიდენტმა.
"მინდა ვისაუბრო რიცხვებზე, როგორ სახეს მიიღებს ეს პროექტი. როგორც იცით, „ტავ“-ი 2005 წლის სექტემბრიდან ოპერირებს აეროპორტში. მაშინ მგზავრთა რაოდენობამ 554 ათასი შეადგინა. გასულ წელს კი ჩვენ მოვემსახურეთ 5,5 მილიონ მგზავრს, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდაა. ეს არის საქართველოს წარმატება, რომელსაც ტურიზმის განვითარებით მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
სახელმწიფო ბიუჯეტს, გადასახადების სახით გადავუხადეთ 158 მილიონი. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ფრენების ოპერირებაში დასაქმებულია ჩვენი 1400 თანამშრომელი. თბილისიდან დღევანდელი მდგომარეობით 63 ავიაკომპანია დაფრინავს 71 მიმართულებით და მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება გაფართოების პროექტს, კონტრაქტი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი და რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას, ითვალისწინებს 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას აეროპორტის წარმადობის გასაზრდელად. გარდა ამისა, მთავრობას საწყისი ინვესტიციის დაწყებამდე გადავუხდით 25 მილიონ დოლარს, ასევე 30%-იანი მომსახურების საფასური განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. პარალელურად, მოხდება მეტი ავიაკომპანიის მოზიდვა თბილისის აეროპორტში.
ახალ ინვესტიციას ექნება მრავალი დადებითი შედეგი, მაღალი ხარისხის მომსახურება, განახლებული რესტორნები, საბავშვო სივრცეები და კომფორტული VIP ზონები.
აეროპორტის წარმადობის თვალსაზრისით, 2025 წელს 5,5 მილიონი მგზავრის გატარების შემდეგ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდება და 10 მილიონს მიაღწევს. დაემატება 6 ახალი ჩასხდომის კარი, კონვეიერები ბარგის ასაღებად და განვითარდება VIP ზონები, რომლებიც ცალკე შენობიდან იმუშავებს და ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი.
ტერმინალის ფართობი გაიზრდება 50%-ით და მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაორმაგდება. პასპორტის კონტროლის პუნქტების რაოდენობა გაიზრდება", - თქვა სერქან კაპტანმა.



























