საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კიდევ ერთ მსხვილ პროექტზე გესაუბრებით. საქმე ეხება ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობას. წინასწარი დათვლებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 1.3 მლრდ დოლარია განსაზღვრული და 19 მილიონი მგზავრის გამტარუნარიანობას ითვალისწინებს. პირველი ვიზიტორის მიღებას აეროპორტი 2028 წელს შეძლებს. მთავრობა ელის, რომ მშენებლობა კერძო ინვესტორის დაფინანსებით განხორციელდება. ავიაციის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. ამბობენ, რომ ეს ინდუსტრიის განვითარებას კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს. ბიზნესის ნაწილს კი მიზანშეწონილად ძველის გაფართოებას მიიჩნევს.