მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ახალი შემოვლითი გზა საგურამოსთან გაივლის - რა გამოწვევები და შესაძლებლობები ჩნდება?

თბილისის შემოვლითი

თბილისის ახალი შემოვლითი გზა საგურამოსთან გაივლის - ეს ინფორმაცია “საქმის კურსის” ეთერში "სითი ინსტიტუტ საქართველოს" პროექტის კოორდინატორმა ოთარ მჭედლიშვილმა გააკეთა. როგორც მჭედლიშვილი ამბობს, სითი ინსტიტუტი ამ ეტაპზე საგურამოსა და მიმდებარედ არსებული 12 დასახლების, ასევე ჭოპორტისა და ახატანის სივრცის დაგეგმარებაზე მუშაობს.

მისი თქმით, ახალი გზის ტრაექტორია არაგვის მარცხენა სანაპიროზე გაივლის და საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც მოხვდება.

“ბევრი საჭიროება და გამოწვევა გამოვლინდა მიმდებარე დასახლებულ პუნქტებთან მიმართებით, მათ შორის ძალიან დიდი აქცენტი იყო გაკეთებული თბილისის შემოვლით ახალ ტრაექტორიაზე, რომელმაც საგურამოსთან უნდა გაიაროს. ამ ეტაპზე ეს მიმართულება არაგვის მარჯვენა სანაპიროზე გადის, უკვე პროექტის შემდეგ გაივლის არაგვის მარცხენა სანაპიროზე, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც ხვდება, ისევე როგორც ჭოპორტთან მიმართებით, შემდგომ უკვე ჩრდილოეთით სხვა დასახლებებსაც გაივლის,”- ამბობს ოთარ მჭედლიშვილი.

მისივე თქმით, მუშაობის პროცესში რამდენიმე ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა, რომელიც უშუალოდ ახალი გზის პროექტს უკავშირდება. მჭედლიშვილის შეფასებით, პირველი ეს არის გარემოზე ზემოქმედების რისკები, რადგან გზა გაივლის სასმელი წყლის რეზერვუარებთან, ასევე პრობლემურია კერძო საკუთრების თემაც, რადგან ახალი გზის პროექტი არაერთი საკადასტრო კოდს გადაკვეთს.

“უმთავრესი გამოწვევა ამ პროექტს გააჩნია პირველ რიგში გარემოზე ზემოქმედების კუთხით და ამ კუთხით მიმდინარეობს საკმაოდ დიდი განხილვები და საკმაოდ ინტენსიურად არის ჩართული სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები. გარემოზე ზემოქმედების კუთხით აღსანიშნავია თბილისის სასმელი წყლის რეზერვუარები, რომელთან ახლოს გაივლის ეს პროექტი და რა მიმართულებითაც შესაბამისი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, რომ მინიმიზება მოხდეს ამ ზემოქმედების. ხოლო მეორე საკითხია, სოციალური. ეს ტრაქტორია კვეთს ძალიან ბევრ საკადასტრო ერთეულს, ბევრ საკუთრებას და აქ უკვე შემოდის კერძო ინტერესები და ეს მეორე ფრონტია, რომელიც ამ გზასთან მიმართებით გამოწვევაა. ეს მეორე ფრონტი არამარტო გამოწვევაა სერიოზული ჩვენს პროექტთან მიმართებითაც,”- ამბობს სითი ინსტიტუტ საქართველოს პროექტის კოორდინატორი ოთარ მჭედლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები