მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძა მოდერნიზების შემდეგ ინვესტორს 28-წლიან მართვაში გადაეცემა

62a0d9c80983f
ანუკა ჯოხაძე
12.06.22 16:40
3114
თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი ეკონომიკურად გამართლებულია და მის განხორციელებას 3 წელი დასჭირდება. ეს განცხადება თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ინვესტორმა ანძის განვითარების ხედვა მერიაში უკვე წარადგინა. ირაკლი თავართქილაძის თქმით, ამ ეტაპზე სწორედ ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს.

“წინადადების ფარგლებში ის ძირითადი პირობები, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, უცვლელი რჩება, შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე შემდგომ ეტაპებზე გადასვლასთან დაკავშირებით. შემდეგი ეტაპი პირველ რიგში იქნება დეტალური პროექტირება, შემდეგ მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა. ამ ყველა პროცესს დაახლოებით 3-3.5 წელი სჭირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი პირობები არ იცვლება და კომპანიის მიერ ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში ეს პროექტი ეკონომიკურად და ტექნიკურად განხორციელებადია, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ამ პროექტს ჩვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კომპანიის მზაობა, რომელიც როგორც ვხედვათ ამ ეტაპზე კომპანიას აქვს", - აცხადებს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე.

მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ის საინვესტიციო ღირებულება, რომლის განხორციელების ვალდებულებაც KASS GROUP-ს აქვს პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე გაიზარდოს. ინფორმაციას ადასტურებენ KASS GROUP-შიც, სადაც აცხადებენ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით 4 მილიონ დოლარიანი საინვესტიციო ვალდებულება შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.

კომპანიის დირექტორი ეკატერინე თორდია ამბობს, რომ მიუხედავად პროექტის სიძვირისა მათგან არის მზაობა, რომ პროექტი მომდევნო ფაზაში გადავიდეს, რადგან მისი თქმით, მათ ჯგუფს სჯერა, რომ თბილისის ანძა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდება.

“საინვესტიციო ღირებულება ბევრად აღემატება ინტერესთა გამოხატვისას გამოცხადებულ საინვესტიციო ვალდებულებას. თუმცა ზუსტი ოდენობის თანხის დასახელება თუ რა რაოდენობის ინვესტიციაზე იქნება საუბარი, დღეს არ შეგვიძლია. ეს გამოიკვეთება მხოლოდ დეტალური პროექტირების შემდეგ. თუმცა გაორმაგებულია, თუ უფრო მეტი არა, საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს დეტალურ პროექტირებას, რაზეც მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მუშაობა.”-აცხადებს KASS GROUP-ის დირექტორი ეკა თორდია.

ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები