თბილისის სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი იწყება, მას კომპანია Kass Group-ი ახორციელებს. დეტალებზე bm.ge კომპანიის ტექნიკურ დირექტორს და პროექტის მენეჯერს, ანა შანიძეს ესაუბრა.
“კომპანიამ გაიარა ერთ-ერთი რთული ეტაპი და შენობის პირველადი ვიზუალი თბილისის ისტორიულ საბჭოსთან შეათანხმა. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა და შენობის ავტორები მოვიწვიეთ. მათ დეტალურად შეისწავლეს პროექტი, შენობის მდგრადობის დადგენის კუთხით. ამ ეტაპზე დეტალური პროექტირება მიმდინარეობს, წინ არაერთი ურთულესი ეტაპი გვაქვს გადასალახი, მათ შორის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და მიმდინარე საექსპერტო დასკვნები", - განაცხადა ანა შანიძემ.
ცნობისთვის, თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა. 2021 წელს კი, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სწორედ კომპანია Kass Group შეირჩა, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტული დანიშნულების ობიექტად უნდა აქციოს. კერძოდ, Kass Group-ის ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ პანორამული ხედის რესტორანი და ვიზიტორთა ცენტრი უნდა მოიცვას. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, პროექტში გარკვეული ცვლილებებია. Kass Group-ის წარმომადგენლის თქმით, ცვლილებები, ძირითადად, იერსახეს უკავშირდება.
"ახალი პროექტით ანძის სამკუთხედის ფართი ნარჩუნდება, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ფართი იზრდებოდა. მაქსიმალურად მოვერგეთ ანძის იერსახეს და საბჭოს მიერ შეთანხმებულ დეტალებში ცვლილებები არ შევიტანეთ”, - აცხადებს ანა შანიძე.
სიახლეებს შორის პროექტის დასრულების ვადების ცვლილებაცაა, კერძოდ, დედაქალაქის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვადამ ორი წლით გადაიწია.
“ვადებმა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით გადაიწია. პანდემიის პერიოდში გართულდა საექსპერტო დასკვნები, ამასთან შენობის ავტორების ჩამოყვანის პროცესი”, - განმარტავს Kass Group-ის ტექნიკური დირექტორი და პროექტის მენეჯერი.
შეგახსენებთ, KASS GROUP-ს ტურისტული ინფრასტრუქტურა მართვაში 29-წლიანი ვადით გადაეცემა. კომპანიას 4 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტში ინვესტირებისთვის 8 მლნ დოლარი განისაზღვრა, მაგრამ პროექტირების დასრულების ეტაპზე აღნიშნული თანხა დაზუსტდება.