მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 25 ივლისიდან დაიწყება

64b79c6e6b7c8
BM.GE
19.07.23 12:16
490
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა პროცესის ეფექტიანად წარმართვა უზრუნველყო.

„წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.

თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 000-მდე აღსაზრდელი.

კახა კალაძის განცხადებით, 25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.

„უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ. განხორციელდა ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა, მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს, მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები