თბილისის ბოტანიკური ბაღი გადასასვლელი ხიდების შეკეთებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი საქართველოს ეროვნული ბოტანიკურმა ბაღმა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე მდებარე გადასასვლელი შემდეგი ხიდების: I ხიდის, II ე.წ. თეთრი ხიდის, III ე.წ. ბამბუკების ხიდის და IV ე.წ. მწვანე ხიდის და V ხიდის - აღდგენა-გამაგრება იგეგმება. გათვალისწინებულია ასევე ახლის მოწყობის მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაც.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 257 377 ლარია. წინადადებების მიღება 3 აპრილს დაიწყება და 8 აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ცალკეული ხიდების სამშენებლო სამუშაოები, შეზღუდული რელიეფური პირობების გამო, უნდა შესრულდეს მცირე ზომის მანქანა - მექანიზმების საშუალებით. ასევე, სამშენებლო ნარჩენები და მტვერი არ უნდა მიმოიფანტოს სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღე.