მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს წყება - ინიციატივა bp-ს მხარდაჭერით განხორციელდება

დაცული ტერიტორიების სააგენტო
06.03.24 10:36
233

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. ინიციატივა bp-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება და აღდგენილ სახეობებზე პოტენციური ზეგავლენის დადგენის მიზნით, ტერიტორიის დეტალურად შეფასება და ადგილობრივი ჰაბიტატების იდენტიფიცირება.

„კეთილშობილი ირმის კონსერვაცია ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს. კონსერვაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკი ირმის პოპულაციის აღდგენისთვის პრიორიტეტულ ტერიტორიად განისაზღვრა. პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანიას bp-ს შორის წლებია მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კუსიდმა და ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ხანთაძემ მოაწერეს. ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და bp-ს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები