ეროვნული ბანკი “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან” ერთად „თბილისის ფინანსური სამიტის” ჩასატარებლად ემზადება, რისთვისაც 383 303 დოლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციებში სებ-ი მიუთითებს, რომ ფინტექ ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გაიმართება. ერთობლივი შესყიდვის ფარგლებში 100 000 დოლარს ეკონომიკის სამინისტრო, 283 303 დოლარს კი სებ-ი გაიღებს.
სამიტი ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას მიეძღვნება. მხარეები ელიან, რომ ღონისძიებას 800-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და საფინანსო და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები. ამასთან, მიუთითებს, რომ “დღემდე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ზუსტდება ისეთი თემები, როგორიცაა პანელური სესიების მონაწილეთა რაოდენობა, რამდენი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი დაესწრება ღონისძიებას და ა.შ”
22 და 23 ოქტომბერს, ორდღიანი სამიტის ფარგლებში კი, გაიმართება პანელური დისკუსიები და თემატური სესიები ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარებაზე.
„თბილისის ფინანსური სამიტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონულ ,,ფინტექ” ჰაბად პოზიციონირებას, რაც სრულად არის თანხვედრაში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ კონცეფციასთან. ორივე ღონისძიება ორიენტირებულია საქართველოს სტრატეგიული როლის წარმოჩენაზე ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო და ფინანსურ სფეროებში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების მიმართულებით”, - - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.
დოკუმენტაციაში გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა იმ გარემოებით არის ახსნილი, რომ ღონისძიების დეტალები დღემდე ბოლომდე განსაზღვრული არ არის, რის გამოც შეუძლებელია მთელი რიგი საკითხების წინასწარი განსაზღვრა და სტანდარტული სატენდერო პროცედურებით შესაძლოა, ღონისძიების დროულ ორგანიზებას შეექმნას საფრთხე. ამასთან, კონტრაქტორს კრეატიული გადაწყვეტების მიწოდება და ბრენდირებაც დაევალება. ღონისძიების შემდეგ კი, არაუგვიანეს23 ნოემბრისა მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს „მომავლის საკითხების კვლევის ანგარიში“ (Future Matters Research Report), რომელიც დაფუძნებული იქნება ღონისძიების შედეგებზე.
აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან ტარდება. წელს, რიგით მე-5 ფორუმზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაური, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. წინასწარი მონაცემებით ფორუმს დაესწრება დაახლოებით 2000-მდე სტუმარი.




























