8 ივლისს, სასტუმრო სტამბაში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლა ახალი, რეგიონული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით დაარსდა. ის მიზნად ისახავს ვიზუალური თხრობის ყველა ფორმის ფოტოგრაფიის, კინოსა და ვიდეოს შესწავლასა და პრაქტიკულ გააზრებას.
სკოლა ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გამოსახულების საშუალებით განავითარონ საკუთარი ხედვა და შემოქმედებითი პრაქტიკა.

ვრცლად თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სკოლის შესახებ
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის (TPMM) სკოლა სრულად ეძღვნება გამოსახულების კვლევას და მას მრავალი პერსპექტივიდან სწავლობს, - აღქმიდან გააზრებამდე, ინტერპრეტაციამდე და თავად გამოსახულების შექმნამდე.
სასწავლო პროგრამას ქართველი ვიზუალური კულტურის ცნობილი წარმომადგენლების გარდა, ფრანგი ფოტოგრაფები, ვიდეო არტისტები, კურატორები და კრიტიკოსები უძღვებიან. მათი შექმნილია სკოლის სამივე ძირითადი მიმართულების პროგრამაც და სწორედ ისინი გაუძღვებიან სასწავლო პროცესსაც, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ფოტოგრაფია, ვიდეო და კინო გამოხატვის, რეფლექსიისა და კრიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენონ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოებული მასპროდუქტისა და დეზინფორმაციის ეპოქაში, TPMM-ის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას - ისწავლონ გამოსახულების მიზანმიმართულად შექმნა, გადააფასონ დამკვიდრებული ნარატივები, ეძებონ სამყაროს დანახვისა და წარმოჩენის ახალი გზები.
სკოლა, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გუნდმა აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით დააარსა, უფრო დიდი კულტურული მისიის ნაწილია. TPMM სამხრეთ კავკასიაში პირველი ინსტიტუციაა, რომლის მიზანი ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის, როგორც თანამედროვე სამყაროს ამსახველი მედიუმების, პოპულარიზაცია, კვლევა და მხარდაჭერაა.
მუზეუმი 2019 წელს სასტუმრო სტამბაში, „თბილისის ფოტო ფესტივალთან" და აჭარა ჯგუფთან პარტნიორობით გაიხსნა და მალევე იქცა რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ხელოვნების ინსტიტუციად. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში TPMM-მა არაერთ გამოფენასა და ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის, კლასიკოსი ფოტოგრაფების (მაგ: ანრი კარტიე ბრესონი, რობერტ კაპა), თუ თანამედროვე ხელოვნების სცენის ისეთი ცნობილი ფიგურების მონაწილეობით, როგორიცაა, პატი სმიტი, ჯიმ გოლდბერგი, მაიკლ კენა, ანტუან დ'აგატა და სხვა. უცხოური კულტურის ლოკალურად პოპულარიზაციასთან ერთად, TPMM მუდმივად ცდილობს საქართველოსა და რეგიონის ახალგაზრდა ხელოვანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ თუ სხვა გზებით მათ ხელშეწყობას.
მიმდინარე საგანმანათლებლო ინიციატივების მეშვეობით TPMM არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. სწორედ ვიზუალური წიგნიერების სწავლებისას დაგროვილმა გამოცდილებამ, და საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ექსპერტებთან ფართო პროფესიულმა კავშირებმა, ჩაუყარა საფუძველი რეგიონში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის პირველი სპეციალიზებული სკოლის შექმნას.

სკოლის სტრუქტურა
სკოლა ღიაა ქართველი, რეგიონული და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. მათ შორის, მოყვარულებისთვის, დამწყები ან უკვე შემდგარი არტისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი ვიზუალური ხელწერის შექმნა ან სრულყოფა უნდათ.
პროგრამა აერთიანებს მოკლე და გრძელვადიან კურსებს - ძირითადი ფოკუსი ფოტოგრაფიისა და ვიდეო ხელოვნების ერთწლიან უნიკალურ კურსებზე გაკეთდება, თუმცა სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ უფრო მოკლე, სპეციალიზებული პროგრამებიც, რომლებსაც ვორქშოფების და მასტერკლასების სახე ექნებათ.
ქართველი და რეგიონული მონაწილეებისთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, სკოლა სტიპენდიების სისტემას გამოიყენებს.
www.tpmm.ge www.adjaragroup.com




























