ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
"თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.
2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში, C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების უმთავრესი ინიციატორი, გულშემატკივარი და წარმატებით განმახორციელებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის პანდემიის მართვის პროცესში.
თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
თენგიზ ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება", - წერია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძე, 1 აგვისტოს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტს და მისი აღჭურვის სამუშაოებს კომპანია "ანაგი" ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია.
შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე კი სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვადების გახანგრძლივება ითხოვა. შედეგად, კონტრაქტორს ვადა 2023 წლის 7 ივლისამდე გაუხანგრძლივდა. თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.