მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისის კლასიკური გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება საქართველოს ევროპულ მომავალს ვირჩევთ" - განცხადება

სს
02.12.24 23:48
1189

თბილისის კლასიკური გიმნაზიის აკადემიური პერსონალის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, თბილისის კლასიკური გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება საქართველოს ევროპულ მომავალს ირჩევს და ემიჯნებიან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.

"თბილისის კლასიკური გიმნაზიის აკადემიური პერსონალის საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა განცხადება, რომელიც ეხმიანება კონსტიტუციის დარღვევისა და საგარეო კურსის ცვლილების მცდელობას, ასევე საპროტესტო მოძრაობის ძალადობრივი ჩახშობის ფაქტებს.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის სასკოლო საზოგადოება ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვემიჯნებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.

თბილისის კლასიკური გიმნაზია დაარსების დღიდან (1802 წ.) ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორგანული ნაწილია. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში განვითარებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც საქართველო დაახლოვა სუვერენულ, თვითმყოფად და ევროპულ მომავალთან, ამ სკოლის კედლებში იღებს სათავეს. გიმნაზიის აღზრდილი მოსწავლეები ყოველთვის საზოგადოების, ხელისუფალთა თუ პრინციპული მოქალაქეების მოწინავე რიგებში დგანან.

სკოლა ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრშია. თავისი ისტორიით, მასწავლებლებით, მოსწავლეებით, ეროვნული და ევროპული იდეებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ასე იქნება მუდამ. ზოგჯერ სკოლის კედლები თავად უდგებოდა ფარად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ბოროტებას. 1989 წლის აპრილის მოვლენების დროსაც დაადასტურა, რომ მთავრობის სასახლის წინ მსხდომ მოშიმშილეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, პორველსკოლელთა თანაგრძნობა და ყურადღება არ მოჰკლებიათ.

ევროპული განათლების დანერგვა და თითოეულ მოსწავლემდე მიტანა არის თბილისის კლასიკური გიმნაზიის უმთავრესი მიზანი. გვევალება, მოსწავლეებს გადავცეთ ის ღირებულებები, რომელიც მათ თავისუფალ, ძლიერ და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ხოლო ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ მათი ნათელი მომავალი, რაც ევროპულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის გარეშე შეუძლებელია. ნათლად ვხედავთ ევროპული ცნობიერებისა და ღირებულებების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების აღზრდაში საკუთარ მნიშვნელოვან წვლილს, ამიტომაც ვემიჯნებით ყველა იმ გადაწყვეტილებასა თუ ქმედებას, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მყარი გარანტიაა. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ვადასტურებთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისადმი ერთგულებას. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა დეკლარირებული.

ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის ნებისმიერი ვადით შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები კონსტიტუციის დაცვისკენაა მიმართული.

საქართველოს ისტორიული არჩევანისა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის მისიის თანახმად, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვას და ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!

ვგმობთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც შეაფერხებს ევროინტეგრაციისა და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება-გაძლიერების პროცესს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის თანამშრომლები, აკადემიური თუ ადმინისტრაციული გუნდი, გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ:

საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა კატეგორიულად მიუღებელია!

დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა!

ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას!

მხარს ვუჭერთ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა თუ კურსდამთავრებულებს, მოსწავლეთა მშობლებსა და თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც იცავენ და მომავალშიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებასა და ევროინტეგრაციას. ხელმოწერები გრძელდება - შემოგვიერთდით კომენტარის ველში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები