დეკემბერში 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე საქართველოში იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ახლა გერმანიაში, სწორედ იმ ქარხანაში იმყოფება, სადაც 18-მეტრიან ავტობუსებს ამზადებენ.
„თბილისში გამოსაგზავნი ავტობუსების ნაწილი უკვე დამზადებულია. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მალე უკვე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში ეს ავტობუსები დაიწყებს მოძრაობას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. დეკემბერში 50 ერთეული უკვე თბილისში იქნება და იანვარში მოემსახურება მოსახლეობას.
სულ შეძენილია 160 ერთეული ავტობუსი და მომდევნო წლის ბოლომდე ყველა საქართველოში იქნება. ბევრი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებდა 18-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილებას დედაქალაქში, და პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება. თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებს აღნიშნული სიდიდის ავტობუსები, ამიტომ ტრანსპორტი გადანაწილდება შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, ავტობუსები აღჭურვილია USB-კაბელების დამტენებით, ადაპტირებულია შშმ პირებზე და აქვს უსაფრთხოების ვიდეო-კამერები.