მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია 100,000 ერთეული LED გარე განათების ყიდვას გეგმავს

გარე განათება

თბილისის მერიის დავქვემდებარებაში არსებულმა შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 100 138 ერთეული LED სანათის შესყიდვაზე ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა, რომლითაც ტენდერის სავარაუდო ღირებულება უნდა განისაზღვროს. დოკუმენტის მიხედვით, ახალი განათება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და ობიექტზე დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტურობის გაზრდას და ხარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

ბაზრის მოკვლევის პირობებით, სანათების ძირითადი ნაწილი – 97 226 ერთეული – უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღის ვადაში, ხოლო დამატებითი 2 912 სანათი – შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, 60 დღეში. მიწოდება თბილისში, „თბილსერვის ჯგუფის“ სხვადასხვა ბაზაზე განხორციელდება.

ტენდერის პირობებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პროდუქციის ხარისხზე და ტექნიკურ სტანდარტებზე. ყველა LED სანათი უნდა იყოს ევროკავშირის ან OECD-ის წევრ ქვეყანაში, ან საქართველოში წარმოებული. დამონტაჟებულ სანათებზე მოქმედი საგარანტიო ვადა 10 წელს შეადგენს, ამ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანებული მოწყობილობები საკუთარი ხარჯით შეაკეთოს ან შეცვალოს.

დოკუმენტში გაწერილია მკაცრი ფინანსური პირობებიც: ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი პირგასამტეხლოს გადაიხდის, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება სანათების დამონტაჟებით მიღებული ენერგოეკონომიის საფუძველზე.

ტენდერის შეფასების კრიტერიუმებში 70%-იან წონას LED სანათების ეფექტურობა წარმოადგენს, ხოლო 30% ფასს ენიჭება. პრეტენდენტებს ასევე მოეთხოვებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატები და ხარისხის დადასტურება.

ბოლოს მსგავსი ტენდერი თბილსერვის ჯგუფმა 2021 წელს გამოაცხადა და მისი ღირებულება 90 მილიონ ლარს შეადგენდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ახალი ტენდერის ღირებულება. აღნიშნული სწორედ ბაზრის მოკვლევის ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. კომპანიებს მასში წინადადებების წარდგენა 25 აგვისტომდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები