მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია გარე განათების მიმართულებით წლიურად დაახლოებით 22 მლნ ლარს ხარჯავს

60916a6c2d009
BM.GE
04.05.21 20:40
816
დედაქალაქის გარე განათების განახლებისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, საჭიროა 11 კატეგორიის 100 000 LED სანათის შესყიდვა. აღნიშნული სანათების ჯამური ღირებულებაა 100 781 200 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღესდღეობით, თბილისის მუნიციპალიტეტი გარე განათების მიმართულებით ყოველწლიურად ხარჯავს დაახლოებით 22 000 000 ლარს, აქედან ელექტროენერგიის ხარჯი არის 13 500 000 ლარი, ხოლო ექსპლუატაციის ხარჯი 8 500 000 ლარი.

"აღსანიშნავია, რომ სოდიუმის არსებული ნათურები, რომელიც მოძველებულია, ფაქტობრივად, არსად გამოყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ჩანაცვლდეს ეკონომიური და უსაფრთხო ნათურებით.

აღნიშნული პროექტი იმდენად ეკონომიურია, რომ ელექტროენერგიის და მომსახურების დანაზოგის სახით, დედაქალაქს, წლის განმავლობაში, 10 მლნ ლარით შეუმცირდება ხარჯები. სწორედ ამ დაზოგილი თანხით იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება. თბილისის მუნიციპალიტეტს დამატებით არცერთი თეთრის გაღება არ მოუწევს. მიღებული ეკონომიის ხარჯზე, 10 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაიფარება პროექტის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფაქტობრივად წაუგებელია დედაქალაქისათვის, რადგან ამ პროექტის დასრულების შედეგად, დამატებითი თანხის მობილიზების გარეშე, ჩვენი დედაქალაქი მიიღებს მრავალმილიონიან ხარჯვით დანაზოგს, ასევე, სახელმწიფო მიიღებს გამოთავისუფლებულ 8 მგ/სთ ელექტროენერგიის სიმძლავრეს, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქს და ევროსტანდარტების შესაბამის განათებას თბილისში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაცია თბილისის მერიის პრესსამსახურში და ამის შემდეგ მიაწოდონ საზოგადოებას", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები