თბილისის მერია გლდანში, ე.წ. ამერის სტადიონის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტიპის სპორტული მოედნის მოწყობას გეგმავს - მერმა კახა კალაძემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს მოინახულა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც 23 789 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, სახელმწიფომ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცა, რომელიც, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი მოაწყოს და ის ფუნქცია დაუბრუნოს, რაც გააჩნდა.
ე.წ. ამერის სტადიონი 2004 წელს გასხვისდა და კერძო მესაკუთრეს 20 წლის ვადით გადაეცა.
„გლდანის რაიონში საკმაოდ ცნობილია ე.წ ამერის სტადიონი. მიუხედავად არსებული მძიმე პირობებისა, ძალიან დატვირთულია აქაურობა, დაახლოებით, 1 000 ბავშვი დადის აღნიშნულ სკოლაში. მოსახლეობას ვპირდები, რომ აქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული სკოლა, იმისთვის, რომ პატარებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და მიაღწიონ წარმატებას.
გაკეთდება ორი საფეხბურთო მოედანი, თავისი გასახდელებით, საშხაპეებით, ღამის განათებებით. მთლიანად აღდგება მაყურებლების ტრიბუნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერს არ დაუკონკრეტებია პროექტის შესრულების ვადები და არც ის, თუ რა დაუჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია. ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის სახელმწიფო ტენდერი.




























