მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია კორტების ტერიტორიას აუქციონზე დღეს მეორედ გაიტანს

5f7d7a21060b1
ინგა მურუსიძე
07.10.20 12:23
1384
"თბილისის მერია კორტების ტერიტორიას დღეს აუქციონზე გაიტანს", - ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

კალაძის თქმით, ობიექტის პირველადი საპრივატიზაციო თანხა 5 760 000 ლარია და ინვესტორმა 7174 კვადრატულ მეტრ ფართობ ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს 4 კორტი, 1 საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი.

"ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა; ადგილზე კორპუსები უნდა აშენებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენდა. რაც მერიაში დავიწყეთ უფლებამოსილების განხორციელება, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე პირადად არის ჩართული მოლაპარაკებებში, რომ ინვესტორთან შეთანხმება როგორმე მიგვეღწია და კორტები მუნიციპალიტეტს დაბრუნებოდა. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება, განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ ამ კონკრეტულ ადგილას პირველადი სახე დავუბროთ.

ეს ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, დღეს აუქციონზე გაგვაქვს. უნდა განხორციელდეს 2 მლნ ლარის ინვესტიცია და გამარჯვებულმა 7174 კვადრატულ მეტრ ფართობზე უნდა მოაწყოს 4 კორტი, 1 საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პირველადი საპრივატიზაციო თანხა 5 760 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია თბილისის მერიამ  კერძო მფლობელისგან მიმდინარე წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

რაც შეეხება აუქციონს, პირველად მერიამ ყოფილი კორტების ტერიტორია აუქციონზე მიმდინარე წლის მაისში გაიტანა, თუმცა ქონება ვერ გაყიდა. როგორც მაშინ მერიის ქონების მართვის სამსახურში აცხადებდნენ, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონით არავინ დაინტერესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები