თბილისის მერია მიკროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს ხელახლა აცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე, 300 ერთეული მიკროავტობუსის შეძენა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით მოხდება, მაგრამ შესყიდვის ღირებულება არ დაუკონკრეტებია.
“ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ტენდერი იყო გამოცხადებული და შევაჩერეთ, იყო მიკროავტობუსების შეძენა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მიკროავტობუსებიც ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპანენეტია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს, გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებით თანხების წამოღების შესალებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და სწორედ ეს თანხა იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად. თბილისის მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე, 300 ერთეულ მიკროავტობუსზე გამოაცხადებს შესყიდვას. შემდეგ კი უკვე მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებული 29 მლნ-იანი ტენდერი აპრილის დასაწყისში შეჩერდა. მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, დედაქალაქის მერია 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსის შეძენას 29 მილიონ ლარად აპირებდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეცვლილიყო თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითლის ნაცვლად, “მეტალიკი ლურჯი” უნდა გამხდარიყო. ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი მიკროავტობუსები არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.