მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას საკრებულოს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის

ნაგვის ურნები

თბილისის მერია მომდევნო წლებში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, გადამუშავებასა დ მასალის რეალიზებას დაიწყებს - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გერმანულ კომპანია ICP-თან ერთად შემუშავდა, საკრებულოს უახლოეს მომავალში წარედგინება დასამტკიცებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძეს დღეს ახალი ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ პირველად არ უსაუბრია. დოკუმენტზე მერია წლებია მუშაობს. ჯერ კიდევ 2022 წელს თბილისის მერმა განაცხადა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა დასრულებული იყო, თუმცა როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტი საკრებულოს უახლოეს მომავალში წარედგინება. რატომ დასჭირდა თბილისის მერიას დოკუმენტის დამტკიცებისთვის 3 წელი - ამ და სხვა კითხვებით BM.GE-მ შესაბამის უწყებებს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი EBRD-ს თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს.

პირადად ჩემთვის, პრიორიტეტია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრა, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ, უკეთეს ცხოვრებას განაპირობებს. წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. დოკუმენტი უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში ის თბილისის საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერს არ დაუკონკრეტებია, რა თანხებთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროგრამის განხორციელება ან როგორია EBRD-ის ჩართულობა, თუმცა განმარტა, რომ სამოქმედო გეგმა 5-წლიანია და შესასრულებელი სამუშაოებისთვის კომპანია უკვე შერჩეულია.

"მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.

შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესების პარალელურად, თბილისის მერია გეგმავს ფართომასშტაბიან ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

"თბილისში ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც, რაც გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის პირდაპირი რისკის შემცველია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს", - აღნიშნა კახა კალაძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები