თბილისის მერიის სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ქალაქში განსათავსებლად 2,9 მლნ ლარის სათვალთვალო ვიდეოკამერები აქვს ნაყიდი. შესაბამისი ტენდერი 2024 წლის ნოემბერში გამოცხადდა, ხოლო წინადადებების მიღება 11-16 დეკემბერს მიმდინარეობდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა “იუჯითი” და შპს დელტა კონსალტინგი. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, “იუჯითის” ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, ხოლო გამარჯვებულად შპს დელტა კონსალტინგია გამოვლენილი.
ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან მიმდინარე წლის 20 იანვარს გაფორმდა.
ტენდერის მიხედვით, თბილისის მერიამ 121 ცალი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა იყიდა ადგილზე მიწოდება-მონტაჟის სერვისით, ასევე 114 ცალი კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა, ხოლო 96 ცალი Milestone პროგრამული ლიცენზია, რაც კამერების მიერ ინფორმაციის გადაცემას უზრუნველყოფს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების და გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემების მონტაჟი. ასევე, მომწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ვიდეო-კამერებისა ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება 24x7 რეჟიმში, მათ შორის ოფიციალურ უქმე დღეებში. მომსახურების გაწევის ადგილია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
ამჟამად კი, 100 ცალ ვიდეოსათვალთვალო კამერის (2 მეგაპიქსელიანი მართვადი ე.წ. "PTZ" ტიპის ქსელური კამერა) შესყიდვაზე ტენდერი 112-ს აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 362 600 ლარია. წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. მას ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს - კომპანია "ჯი ეს სი", თუმცა ჯერ მასთან ხელშეკრულება გაფორმებული არაა.
ცნობისთვის, 112-მა ნოემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებლად 85 ათას ლარად 30 კამერა დეკემბერშივე იყიდა.




























