"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" გმობს თბილისის მერიაში ადრე დაანონსებულ და დღეს უკვე რეალურად დაწყებულ რეპრესიებს, რომლებიც მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების თავისუფლებისა და უფლებების დარღვევას. შესაბამის განცხადებას გაერთიანება ავრცელებს და შესაბამის ორგანოებს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"რეპრესიული მექანიზმი მიმართულია იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ხმამაღლა გამოხატავენ საკუთარ აზრს, სამართლიანად იცავენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რითაც გამოხატავენ სახელმწიფოსა და კონსტიტუციის ერთგულებას.
ჩვენ განსაკუთრებით ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ეს პროცესები შეფუთულია რეორგანიზაციის ფორმატით, რაც სინამდვილეში გამოიყენება საჯარო განცხადებაზე ხელმომწერი საჯარო მოსამსახურეების უკანონო განთავისუფლების ინსტრუმენტად. ეს წარმოადგენს საჯარო სამსახურის პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ უგულებელყოფას.
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ რეპრესიები, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული პრინციპები და უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეების უფლებების დაცვა", - წერია გაერთიანების განცხადებაში.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება. შესაბამისი განცხადება თანამშრომლების ნაწილმა გასული წლის დეკემბერში გაავრცელა. მაშინ ფაქტის კომენტირებისას, კალაძემ თქვა, რომ მერიაში რეორგანიზაცია იყო გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის.