მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„[თბილისის] მეტროს ვაგონები, ყველაზე ახალი 1992 წელს, ხოლო ყველაზე ძველი 1974 წელს არის გამოშვებული “ - გიორგი ბაბუნაშვილი

METRO

„თბილისის მეტროს ვაგონები, ყველაზე ახალი 1992 წელს, ხოლო ყველაზე ძველი 1974 წელს არის გამოშვებული და შეიძლება ითქვას, რომ მოძველებულია“, - ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, 50 წელზე მეტია, რაც მეტროპოლიტენი თბილისში ოპერირებს, საიდანაც ბოლო რამდენიმე წელია მეტროში მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რაც მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შეიძლება ახალი მეტრო სადგურების მშენებლობას უტოლდებოდეს. თუმცა, ეს ტექნიკური სამუშაოები იმდენად არ ჩანს, როგორც ახალი ხაზების დამატება.

"რამდენიმე წლის წინ ვენტილაციის სისტემა განახლდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, დღის წესრიგში მეტროს მოდერნიზაციის ახალი ფაზა დგას. ეს არის 55 მლნ -ევროიანი პროექტი, საიდანაც 50 მლნ ევროს EBRD აფინანსებს, ხოლო დანარჩენს გრანტის სახით გვაძლევენ.

ამ პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოხდება და 12 სადგური განისაზღვრება, რომელსაც პრიორიტეტულად სრული რეაბილიტაცია სჭირდება. მთელი რიგი ტექნიკური ასპექტებია, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოებისთვის მიმართულია. პარალელურად მიმდინარე პროექტია მეტროს ვაგონების განახლება.

ჩვენი მეტროს ვაგონები, რომელი თბილისში ფუნქციონირებს, ყველაზე ახალი ვაგონი 1992 წელს, ხოლო ყველაზე ძველი ვაგონი 1974 წელს არის გამოშვებული. სავაგონო პარკში 192 ვაგონი გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ მოძველებულია. ამ ვაგონებმა კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება გაიარეს, მათ შორის არაერთხელ. ამასთან გადიან რეგულარულ შემოწმებას, მაგრამ ტექნიკა არის ტექნიკა. მას ვადა მაინც ეწურება. შესაბამისად, ახლა დგას საკითხი, რომ მთლიანად შეიცვალოს მეტროპოლიტენის ვაგონები",- აცხადებს ბაბუნაშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის სრულ განახლებას გეგმავს - მთავრობის გადაწყვეტილებით მერიას უფლება მიეცა განახორციელოს 205 მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი, რომლითაც 97 ვაგონის შესყიდვა მოხდება და იგეგმება შემადგენლობის მთლიანად შეცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები