მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ნაგავსაყრელზე ნარჩენების დახარისხების და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა - კალაძე

6319a307cc2e1
BM.GE
08.09.22 12:33
822
თბილისის მერიის მიერ პირველად შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შედეგად, დედაქალაქის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების დახარისხების (სორტირების) ხაზი და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა.

„მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირველად შემუშავდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც არასდროს არ ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. აღნიშნული დოკუმენტები შესაბამისობაშია როგორც ნარჩენების მართვის კოდექსის, ისე ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსმა, ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ და გეგმამ ნარჩენების მართვის სრულიად ახალი სისტემის დანერგვას ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის დაადგინა მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ნარჩენების მართვის კუთხით, რომლის მიხედვითაც თბილისის მუნიციპალიტეტს ევალება მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რა ვითარება გვაქვს ნაგავსაყრელზე და ამ პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაწერილია გრაფიკი, თუ რომელი პროექტი რა ეტაპზე უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ამ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი პროექტები და მათი ექსპერტების დახმარებით ხდება ამ დოკუმენტზე მუშაობა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალაქის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელიც ნარჩენების დახარისხებასა და რეციკლირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გაზშემკრების სისტემის მოწყობას, კახა კალაძის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დახარისხებული ნარჩენების დამუშავების შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება.

„გაზშემკრები სისტემის მოწყობა, უმთავრესად ორიენტირებულია, მწვავე გარემოსდაცვითი საკითხების აღმოსაფხვრელად და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ევრო სტანდარტებთან დასაახლოებლად, რაც თავისთავად გაზრდის პოლიგონის არსებობისა და ფუნქციონირების რესურს.

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამ მასალის ამოღებით, როგორც ბიოგაზის, ასევე დახარისხებული ნარჩენების სახით, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გროვდება, შესაძლებელია ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება. ყველა განვითარებულ ქალაქში ნაგავსაყრელზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს მიღებული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია. ჩვენ ამ პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები