მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

5e8788b60c540
BM.GE
03.04.20 23:02
1600

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა.

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო.

„შესაბამისი ხსნარებით ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. მსგავსი ღონისძიება სამ ლოკაციაზე უკვე ჩატარდა. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. დღეს სამუშაოები ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელდება. ასევე, დამუშავდება გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ქუჩაზე გავაგრძელებთ, რომელიც ხალხმრავალია. ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა, ასევე, მუშავდება ტროტუარები. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ მოერევა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების სახით, ამის გაკეთება მნიშნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში. უკვე მეორე დღეა, ჩვენი სპეცმანქანებით, თბილისის მერიას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში ვეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მსგავს ღონისძებებში ჩართულობას აქტიურად განვაგრძობთ. აქვე მინდა, თბილისის მერს და მერიას აქტიური სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს თბილისის მერთან ერთად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები