თბილისის ქუჩებში მღრღნელების, კერძოდ, მოზრდილი ვირთხების დიდი რაოდენობა შეიმჩნევა, - ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
BMG საკითხით დაინტერესდა და დეზინფექცია-დერატიზაციის კომპანია "ბიბის" ესაუბრა. კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლოზ კავთიშვილმა კი ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში მოსახლეობის მხრიდან გამოძახებებმა იმატა.
"ზოგადად, მღრღნელი ამ პერიოდში საკმაოდ აქტიურია. გამოძახებები დიდი რაოდენობით შემოგვდის. ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ კერძო კომპანიების რესურსი საკმარისი არაა", - ამბობს კავთიშვილი.
მისივე ცნობით, დედაქალაქის სკვერებში, ქუჩებსა და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში მღრღნელების რაოდენობის ზრდა დაბინძურებული გარემოთია განპირობებული.
"ვიდეოებშიც, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ვხედავთ, რომ ვირთხები სწორედ იმ ადგილებში არიან, რომელიც დაბინძურებულია. შესაბამისად, პირველ რიგში მთავარი პრობლემა ის ანტისანიტარიაა, რომელიც მათ გავრცელებას ხელს უწყობს. პრევენციული ზომებისთვის მედიკამენტებით ბრძოლა შესაძლებელია, თუმცა ცხადია, მხოლოდ პრეპარატი საკმარისი არაა. მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დაბინძურებულ ტერიტორიაზე. ხშირ შემთხვევაში ნაგავი სწორედ იქ გვხვდება, სადაც კერძო ტერიტორიაა და ცხადია, რომ იქ მუნიციპალური სერვისიდან არავინ მივა დასასუფთავებლად", - გვეუბნება სადეზინფექციო კომპანიის დამფუძნებელი.
ნიკოლოზ კავთიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მღრღნელების მსგავსი სიმრავლე უბრალოდ არაჰიგიენური მოვლენა არაა - ეს საკმაოდ სახიფათოა, რადგან ვირთხებს სხვადასხვა დაავადებები, ვირუსები და ბაქტერიები გადააქვთ.