თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება ბაგა-ბაღებს უკვე დაეგზავნათ. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში BM.GE-ის განუცხადეს, ამის მიზეზი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციაა.
"მთელ მერიაშია რეორგანიზაცია და საჯარო ბაღებიც არ არის გამონაკლისი. ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პერსონალზე არის სტრუქტურული ცვლილება, ასევე ალტერნატიულ ფართებში განაწილებული ბაღების პერსონალის მიმართულებით და ა.შ.", - განუცხადეს BM.GE-ის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.
ცნობისთვის, გუშინ "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა მიიღეს. გამოცემამ გაავრცელა შესაბამისი ბრძანებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაღების თანამშრომლებს მოსალოდნელი ორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების თაობაზე ეცნობა. „ეცნობოს ააიპ თბილისის N საბავშვო ბაგა-ბაღის“ ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, სტრუქტურული ერთეულების გარდაქმნასთან და შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან/გაზრდასთან დაკავშირებით", - წერია ბრძანებაში.
BM.GE-ის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში უთხრეს, რომ შესაბამისი ბრძანება ბაგა-ბაღებმა მიიღეს და თანამშრომლებსაც გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ რეორგანიზაციის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის ნოემბრიდან მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გაემიჯნა. მას შემდეგ სამსახურიდან არაერთი საჯარო მოხელე გაუშვეს. გათავისუფლებულები ფაქტს საკუთარ პოზიციას უკავშირებენ.




























