თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება. 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პორტალი 10:00 საათიდან გაიხსნება და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი მაქსიმუმ 16 სექტემბერს უსრულდებათ.
ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
- თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
- მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილი (შვილები);
- მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
- ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
- თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.