მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

64674a62ea21d
BM.GE
19.05.23 14:04
1121
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, სტუდენტები, მოქალაქეები თბილისში რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ დაჯდომას აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე, რომელიც ამბობს, რომ საპროტესტო აქციების შემთხვევაში, აეროპორტში პოლიცია ყოველთვის იქნება მობილიზებული.

განცხადება გააკეთა ორგანიზაცია „დროას“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც აეროპორტთან იმყოფება.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა. მათ ასეთი დავალება აქვთ მიღებული, რომ ვალერი კვარაცხელია და მონები, რომლებიც ჩვენი სახელით მადლობას უხდიან პუტინს, კომფორტი შეუქმნან. ამის უფლება მათთვის არავის მიუცია. ჩვენს ხმას მათ მაინც გავაგონებთ. პუტინი აღიარებული ტერორისტია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მოსკოვიდან “აზიმუტის” პირველი პირდაპირი რეისით თბილისში ჩამოფრინდნენ პრო-რუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ქართველი პოლიტიკოსები და აქტივისტები, მათ შორის ვალერი კვარაცხელია, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება.
საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი დაკავებულია. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქტივისტების ნაწილმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები.
პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები