მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ

ტავ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა.

მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის, EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.

პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.

თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER-ი, გლობალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიო მასშტაბით, მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისე საჯარო ინსტიტუციებს.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები