თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia, მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, აეროპორტების ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებაში ინვესტირებას განაგრძობს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდის ხელშესაწყობად და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შესამცირებლად, მთლიანად შეიცვალა და მოდერნიზდა სასაზღვრო ჯიხურები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების სივრცეში განთავსდა 10 ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხური. პროექტის შედეგად, 8 მეტრით გაიზარდა საპასპორტო კონტროლის სივრცის სიგრძე, ხოლო ფართობი - 240 კვადრატული მეტრით და ჯამში 510 კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 350 ათას ლარს აჭარბებს.