თბილისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. აბულაძე მანამდე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
როგორც კახა აბულაძემ აღნიშნა, საკუთარ გამოცდილებას დედაქალაქის მცხოვრებლების ინტერესებისთვის გამოიყენებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. თბილისის საკრებულოს მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრი მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტებია დაგეგმილი. დედაქალაქი რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ჩემ მიმართ გამოცხადებულ ნდობას და გამოცდილებას მოვახმარ თბილისელების ინტერესებს“, – აღნიშნა აბულაძემ.
აბულაძე თანამდებობაზე დასამტკიცებლად ჯერ კიდევ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ (რომელიც პარალელურად მერიც იყო) 24 სექტემბერს წარადგინა.
მაშინ მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა აბულაძე 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. ის მედიცინის დოქტორია და 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.




























