თბილისის მერმა და "ოცნების" მერობის კანიდატმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა. გადაწყვეტილება კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს გამოაცხადა.
მისი თქმით, კახა აბულაძე განსაკუთრებული გამოცდილებით გამოირჩევა საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართულებით, სადაც მას არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა აბულაძე 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. ის მედიცინის დოქტორია და 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
მანამდე იკავებდა პოზიციებს:კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტს. ასევე თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა.
კახა კალაძის თქმით, აბულაძის მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მერის მოადგილის პოზიციაზეც გამოყენებული იქნება.
„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა
თბილისის მერმა.




























