მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წელს 94 მილიონი ლარით იზარალა

ავტობუსი

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის ფინანსური ანგარიში წარუდგინა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 148 მილიონი ლარით, 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რაც 2021 წელთან შედარებით 132%-ით მეტია. თუმცა, შემოსავლებთან ერთად გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც, რის გამოც “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” გასული წელი 94 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო 2021 წელიც, როდესაც ის 172.8 მილიონ ლარს შეადგენდა.

საქმე ისაა, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სუბსიდირებადი საწარმოა და მისი სამგზავრო ტარიფი კომპანიის რეალურ ხარჯებს არ ასახავს. ამასთან, კომპანია თბილისის მერიის მხრიდან მუდმივ დოტაციაზეა, შესაბამისად, მას ეფექტიანობის ზრდის გადაუდებელი საჭიროებები არ გააჩნია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წელს 354 მილიონი ლარის ხარჯი გასწია, ეს 2021 წლის ხარჯებთან შედარებით 69 მილიონი ლარით მეტია.

ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მერიისგან 231 მილიონი ლარის ტრანსფერები მიიღო, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ავტობუსების შესყიდვაზე იყო მიმართული. 2021 წელს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანიისთვის გადაცემული სუბსიდია 119 მილიონ ლარს შეადგენდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკს 2024 წლიდან ეტაპობრივად MAN-ის წარმოების 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატა. 160 ახალ ავტობუსს დედაქალაქი “თეგეტა მოტორსისგან” შეიძენს, ხოლო შესყიდვის მთლიანი ღირებულება 89 მილიონ ევრომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები