“თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, რომელიც დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, ფინანსთა სამინისტროს საკუთარი ფინანსური შედეგები წარუდგინა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 18%-ით გაიზარდა და მან 307 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა, შემოსავლებთან ერთად გაიზარდა კომპანიის ხარჯებიც, რის გამოც “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” გასული წელი 70 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო 2022 წელიც, როდესაც ის 94 მილიონ ლარს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს ბიუჯეტისგან 271 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო, რაც კომპანიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას (ძირითადად ავტობუსების შესყიდვას) მოხმარდა.
"სუბსიდიებს იღებენ მუნიციპალური საწარმოებიც შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტებიდან, მათგან აღსანიშნავია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელზე
გაცემულმა სუბსიდიამაც 2023 წელს გადააჭარბა 271 მლნ ლარს, (2022 წელს-230.6 მლნ ლარი), რაც
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების, საქალაქო სამგზავრო
ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების
დასაფინანსებლად არის გამოყოფილი,"- ნათქვამია ფისკალური რისკების ანგარიშში.
2022 წლის თებერვლიდან თბილისში შეიცვალა სატრანსპორტო სისტემა. ამოქმედდა ერთიანი ტრანსპორტის სისტემა. შეიცვალა მგზავრობის ღირებულება. თბილისის მერიამ შემოიღო ვადიანი სამგზავრო ბარათები (ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანი), ხოლო ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 0.5 ლარიდან 1 ლარამდე გაიზარდა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ აგრეთვე შეიცვალა შემოსავლის გამომუშავების სისტემა. კერძოდ, ყველა სატრანსპორტო მომსახურება ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთო.