უძრავი ქონების ბაზარზე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.“კოლიერს ჯორჯიას“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 13,1%-ით გაიზარდა და 3,787 ერთეული შეადგინა ბაზრის ზომამ კი 32.4%-ით, 334 მილიონ დოლარამდე მოიმატა.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ზრდას აჩვენებს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარიც. 2026 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 1,324 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 22.2%-ით 87 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც კოლიერს ჯორჯიაში განმარტავენ, ბათუმში ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 59% უცხოელ მყიდველებზე მოდის. თბილისში კი ძირითადად მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი მაისის მდგომარეობით მხოლოდ 11.4%-ია.
“ტრანზაქციების რაოდენობა მზარდია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. 10%-ზე მაღალია ზრდა წლიურად 5 თვის ჭრილში. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ყიდულობს ბინებს — თბილისში დაახლოებით 88% არიან საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ბათუმის შემთხვევაში 50/50-ზეა განაწილებული. მაისში, მაგალითად, ცოტათი მეტი ბინა შეიძინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმში ძირითადად ზრდის განმაპირობებელი არიან სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები
ბათუმი გახდა საინტერესო როგორც საინვესტიციო ქალაქი და შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ არა მარტო იმისთვის, რომ დასახლდნენ, როგორც მაგალითად 2022-23 წლებში იყო აქტიური ამ მხრივ ბაზარი, არამედ როგორც საინვესტიციო ქონებას ყიდულობენ. თბილისის შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ ძირითადი ფაქტორი მაინც არის საკუთარი პირადი მოხმარებისთვის ბინის შესყიდვა და ასევე, რა თქმა უნდა, გასაქირავებელი ბაზარი არის ძალიან ძლიერი თბილისშიც.
აღსანიშნია, რომ ორივე ქალაქში, თბილისშიც და ბათუმშიც, მეორეული ბაზარი აჩვენებს ძალიან კარგ მაჩვენებლებს. ზრდა არის დაახლოებით 20% და ძირითადი ზრდა მოდის სწორედ ახალი პროექტების მეორეულ ბაზარზე თბილისშიც და ბათუმშიც”,- აცხადებს Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა.
გაყიდვების ზრდის პარალელურად საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულება იმატებს. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით, 2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 7.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,323 დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.




























