მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე ლოტების სამშენებლო ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

კახეთის მაგისტრალი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

მე-4 ლოტი მოიცავს 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს (თბილისის აეროპორტი – ლოჭინის კვანძი), ხოლო მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და ლოჭინის კვანძიდან რუსთავის მიმართულებას მოიცავს.

აღნიშნულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 15,136,926 აშშ დოლარს შეადგენს.

საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და მისი შესყიდვების წესების შესაბამისად. კომპანიებს საკუთარი წინადადებების დაფიქსირება 2026 წლის 21 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები (ინტერესის გამოხატვა) უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე, აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით, არაუგვიანეს 2026 წლის 21 აპრილისა.

სამშენებლო საზედამხედველო კომპანიის გამოვლენის შემდეგ გზების დეპარტამენტს ამ ლოტებზე სამშენებლო კონტრაქტორის გამოსავლენი ტენდერის გამოცხადება შეეძლება.

ამჟამად მიმდინარეობს გზის მეორე (წიწამური-ავჭალის) მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი, რომლის ღირებულებაც 490 მილიონ ლარს შეადგენს, ასევე მიმდინარეა მესამე ლოტის ავჭალა-აეროპორტის ტენდერიც, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 932 მილიონ ლარს შეადგენს. მთლიანობაში მაგისტრალის ღირებულება სავარაუდოდ 2 მილიარდ ლარზე მეტი იქნება და მისი სიგრძე 49 კილომეტრი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები