მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ₾932-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის შემოვლითი მაგისტრალი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ავჭალა–აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.

შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932.02 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:

  • ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი;
  • გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთი.

გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და მოიცავს რთულ საინჟინრო ნაგებობებს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.

თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. იგი აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) საკვანძო ნაწილია.

პროექტის რეალიზაცია ორ უმთავრეს მიზანს ემსახურება:

  • სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება: საერთაშორისო ტვირთბრუნვის ეფექტურობის გაზრდა.
  • დედაქალაქის განტვირთვა: თბილისის სატრანსპორტო ნაკადების შემცირება და საცობების პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა.

ცნობისთვის: პროექტის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალა) მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.

მესამე ლოტით (ავჭალა–აეროპორტი) დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები