მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოვლითი გზის სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის 48-კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება, ხოლო გზის ნაწილის მშენებლობა 2026 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განმარტა, პროექტი ოთხ ლოტად არის დაყოფილი და მისი დაფინანსება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო დონორების მხრიდან განხორციელდება.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 ლოტად არის დაყოფილი და ჯამში 48 კმ-ს მოიცავს. თითოეულ ლოტზე დეტალური პროექტი უკვე მომზადებულია. 2025 წელს დაიწყება სატენდერო პროცედურები ლოტ #2-სა და ლოტ #3-ზე. ეს მოიცავს წიწამურიდან ახალი მაგისტრალის მშენებლობას და ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მონაკვეთის გაგრძელებას. ლოტ #4-სა და #5-ზე სამშენებლო სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დაიწყება. ეს მოიცავს ლილოსა და ლოჭინის კვანძებს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, მე-2 და მე-3 ლოტების განხორციელება ბიუჯეტის სახსრებით მოხდება, ხოლო მე-4 და მე-5 ლოტებს საერთაშორისო დონორები დააფინანსებენ.

პროექტის მიზანია სატრანზიტო ტრაფიკის გამოტანა ქალაქიდან და დედაქალაქის საგზაო დატვირთვის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების სისწრაფესა და ეკოლოგიურ მდგომარეობას.

შემოვლითი გზის პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.

მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ და სანებართვო პროცედურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები