მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

გზები

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სატენდერო პირობებით ჩატარდება.

მე-4 ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მე-5 ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რუსთავის ინდუსტრიული ზონისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს 16:00 სთ-ისა (თბილისის დროით) უნდა წარადგინონ.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური — რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. უფრო დეტალურად, 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან 490 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში წინადადებების შეფასება უკვე მიმდინარეობს, აღნიშნულ ტენდერში არცერთმა მონაწილემ არ წარადგინა 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი და წარდგენილი წინადადებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს, მასში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარი, მაქსიმალური ფასი კი 1.16 მილიარდი ლარია.

ახლა გამოცხადებული ტენდერები კი სავარაუდო ფასის მითითების გარეშე გამოცხადდა.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები