თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ტრანსპორტის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი ჯერ დასრულებული არ არის. მერის განმარტებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
Bm.ge-ს კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი, როცა დაანონსებული იყო, რომ გეგმა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე უნდა ყოფილიყო მზად, თბილისის მერი პასუხობს, რომ იყო გარკვეული შეფერხებები პანდემიის გამო.
„გეგმა უახლოეს მომავალში იქნება და გვექნება პრეზენტაცია“, - თქვა კალაძემ.
თბილისის მერიამ 2019 წელს აზიის განვითარების ბანკთან და დანიურ კომპანია „რამბოლთან“ ერთად დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობას დაიწყო. როგორც თბილისის მერის მაშინდელი მოადგილე, მაია ბითაძე განმარტავდა, აღნიშნული გეგმა უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც 15-წლიანი განვითარების პერსპექტივის სხვადასხვა სცენარებს დადებდა და გამოავლენდა იმ ძირითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც ქალაქში მომავალი 15 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო.
"მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გზა, ხიდი, მიწისზედა მეტრო, ან ზოგადად მეტროს ახალი ხაზი, ასევე საბაგიროს ახალი ხაზი",– აცხადდებდა მაია ბითაძე.




























