თბილისის სხვადასხვა რაიონში სკვერების რეაბილიტაციის პროექტები იყო დღეს ის საკითხები, რომლებზედაც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ყურადღება გაამახვილა.
მისი ინფორმაციით, ვაკეში „ნანტის სკვერის“ და გლდანის III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა და მათი განახლება. 2017 წლიდან დღემდე ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა თბილისს ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისა, რომ კიდევ უფრო მწვანე ქალაქი გახდეს და ამისთვის როგორც საქალაქო სამსახურები, ისე გამგეობები ყველაფერს გააკეთებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ე.წ. ნანტის სკვერის ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება - მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკო ავეჯი და ტერიტორიაზე მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი.
გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა.
რაც შეეხება გლდანში III მიკრორაიონის N3ა–3ბ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაციას, მას რაიონის გამგეობა ახორციელებს.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მოსახლეობის ჩართულობით, დემონტაჟი გავუკეთეთ იმ უსახურ ფარეხებს, რომელიც არ გამოიყენებოდა და ძალიან დიდ ფართობს იკავებდა. გამოთავისუფლებული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სკვერი, რომელიც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, დაისვენონ, განიტვირთონ, ივარჯიშონ. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგება ბალახის საფარი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის ინფორმაციით, მომავალ წელს დაგეგმილია N3ბ კორპუსის მიმდებარედ არსებული უკანონო ფარეხების დემონტაჟიც და აღნიშნული სივრცის სრული მოწესრიგება.