2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დარგობრივი ასოციაცია ამბობს, რომ ინდუსტრიის მოგება შემცირდა. ზარალზე არიან მიწის ობიექტები განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ახალი დაბეგვრის რეჟიმი შევიდა ძალაში. როგორც ირკვევა, ობიექტების ნაწილი ოპერირებას რამდენიმე კვირაში, ლიცენზიის ვადის გასვლის შემდეგ შეწყვეტს.
როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2 თვეა უკვე ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზებას ელის.
სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე წელს პირიქით, შემცირდება, რადგან ზარალიანობის გამო მიწის ობიექტების ნაწილმა კი უკვე მიიღო ოპერირების შეწყვეტის გადაწყვეტილება.
„შემდეგი თვიდან დაიწყება ობიექტების დახურვა. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ობიექტი ეს არის თბილისში, სლოტ კლუბი ბარათაშვილზე, რომელიც ნამდვილად დაიკეტება. ასევე ორი ობიექტია- ერთი საბურთალოზე და ერთი ბათუმში იკეტება, რეალურად ხალხი ელოდება ლიცენზიის დამთავრებას, რადგან ლიცენზიის თანხა უკვე გადახდილი აქვთ“,- აცხადებს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს საკმაოდ ბევრი კონკურენტი გაუჩნდა, მაღალი გადასახადების პირობებში კი ქვეყანას ძალიან გაუჭირდება უცხოელ მომხმარებლებთან მუშაობა, მაშინ როცა მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა.
„საშუალო გატანის პროცენტი მსოფლიოში არის 3-4%, ჩვენთან იყო 2%, რაც მომხმარებლისთვის იყო მისაღები, თუმცა დღეს როცა 5%-ზეა საუბარი, ის ყოველთვის ეცდება არჩევანი გააკეთოს საქართველოს ოპერატორთან გააგრძელოს თამაში, თუ უცხოელთან.
კარგი იქნება სპორტის 7%-იანი გადასახადის გადახედვაც, თუ სპორტი გადავა GGR-სში. რაც საშუალებას მისცემთ ოპერატორებს პირობები გააუმჯობესონ და მომხმარებლები მოიზიდონ“,- აცხადებს მამულაიშვილი.
ასოციაციას მიაჩნია, რომ სჯობს ადგილობრივი ოპერატორები განვითარდნენ, რომლებიც კონტროლირებადი არიან სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე ქვეყანაში ოპერირებდნენ არალეგალური საიტები.